ირანი აშშ-ის მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს უფრო ეფექტიანად ახორციელებს, რის გამოც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ თეირანს, შესაძლოა ჩინეთი ან რუსეთი ეხმარებოდნენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ირანმა აშშ-ის თავდაცვის სისტემებს მოერგო და იყენებს მაღალსიჩქარიან რაკეტებს, რომლებსაც სამიზნესთან მიახლოებისას მანევრირების უნარი აქვთ.
„ირანის უნარი, დააზიანოს მგრძნობიარე სამიზნეები, ასევე იწვევს შეშფოთებას, რომ რეჟიმი ჩინეთის ან რუსეთისგან იღებს“, - განაცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა.
მანამდე ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ირანის თავდასხმის შედეგად იორდანიაში მდებარე მუვაფაქ სალტის ავიაბაზაზე - ობიექტზე, რომელსაც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ირანის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის იყენებდნენ. თავდასხმის შედეგად ასევე ჩამოაგდეს პილოტირებადი და უპილოტო საფრენი აპარატები.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს არის ამერიკელი სამხედროების დაღუპვის პირველი შემთხვევა მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად მას შემდეგ, რაც ტრამპმა აპრილის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
მოგვიანებით, კვირას, პენტაგონმა აშშ-ის მესამე სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ განაცხადა. პენტაგონის ცნობით, ჯარისკაცი შაბათს ჩრდილოეთ ერაყში დაიღუპა, როდესაც ჩამოგდებული ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალებას ცდილობდა.
რეგიონში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს აგზავნიან, მათ შორის გერმანიაში, სპანგდალემის ავიაბაზაზე განლაგებულ F-16 ტიპის გამანადგურებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ირანის იმ რადარების განადგურება, რომლებიც საზენიტო რაკეტების გაშვებისთვის გამოიყენება. ასევე იგზავნება ინგლისში, ლეიკენჰიტის ავიაბაზაზე განლაგებული F-35 ტიპის უხილავი გამანადგურებლები და დამატებითი საჰაერო ტანკერები.
მხარეებს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების ნიშნები არ იკვეთება. კვირა საღამოს კი ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზედიზედ მეცხრე ღამეს ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს