უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანთან შეხვედრისას განიხილა სამშვიდობო ძალისხმევა და თურქეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრა.
ამის შესახებ სიბიჰამ 16 ივლისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა სამშვიდობო ძალისხმევა იყო. ჰაქანს გავაცანი ვითარების დინამიკა, აშშ-ისა და ევროპის ჩართულობა, ასევე ჩვენი ეფექტიანი სამშვიდობო ინიციატივები. თურქეთი ამ წლების განმავლობაში სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. დარწმუნებული ვარ, ეს პოტენციალი კვლავ შეიძლება გამოყენებულ იქნას. ასევე გავცვალეთ მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ძალისხმევის გააქტიურება“, - განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, ფიდანმა შეხვედრაზე მოსკოვში ვიზიტის შედეგებიც გააცნო.
„დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ომის დასრულების მიზნით თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა გაიმართოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიბიჰას თქმით, მან თურქ კოლეგას ასევე გააცნო ფრონტზე არსებული ვითარება და რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების სანქციების გამკაცრების საკითხიც.