ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებები იარაღის დაფინანსებისა და დრონების წარმოების მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.
„დიახ, და ეს დიდი მოულოდნელობა იყო“, - განაცხადა კუბილიუსმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში .
„ეს დიდი მოულოდნელობა იყო. ზოგჯერ მთავრობაში ცვლილებები მართლაც აუცილებელია. კიევში, ჩვენი თანამოსაუბრეებისგან მოვისმინეთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობისთვის სათანადო კადრია“, - განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა.
ამავე დროს, ევროკომისარმა დასძინა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ უხელმძღვანელებს უკრაინაში თავდაცვის მიმართულებას და რა ბედი ელის თავდაცვის მინისტრის პოსტს.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დღემდე ვთანამშრომლობთ მიხაილო ფედოროვთან როგორც მანამდე, ასევე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი გახდა. ამ პერიოდში მართლაც ბევრი რამის მიღწევა შევძელით“, - განაცხადა მან.
კუბილიუსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაჩნდება კითხვა, რატომ ცვლიან ასეთ ადამიანს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ - განსაკუთრებით უკრაინის დაფინანსების მიმართულებით. 60 მილიარდი უზარმაზარი თანხაა. მე და მიხაილო ფედოროვი, ასევე სერგეი ბოევი, ძალიან კარგად ვმუშაობდით ერთად. დამტკიცებულია შეიარაღების პირველი სია და პირველი გეგმა [ევროპული დაფინანსების გამოყენების შესახებ], რომელიც დრონების წარმოებას ეხება. როგორც უკრაინის, ისე ევროკავშირის მხრიდან ყველა შეთანხმება და პროცედურა ეფექტურად მუშაობს და პირველი თანხები უკვე შევიდა უკრაინაში“, - განაცხადა ევროკომისარმა.