მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას და, მათ შორის, დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს.
„ეუთო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია არის ჯო უილსონისა და სხვების მანიპულაციური პოლიტიკის შედეგი. ეს იმის შედეგია, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები დემოკრატიულ პროცესს კი არ ანიჭებენ უპირატესობას, არამედ ნებისმიერი გზით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. როცა საკუთარი მიზნების მიღწევა არ გამოსდით, შემდეგ იწყებენ სხვადასხვა ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტის გამოყენებას ასეთი დამაზიანებელი, არაკორექტული, არაკანონიერი რეზოლუციებისა და განცხადებების მისაღებად, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოიწვევს თუ არა მმართველი გუნდი ეუთო-ს მომავალ არჩევნებზე, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ რომ ეუთო-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ის არის პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და არა პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოსაყენებელი პლატფორმა.
„როდესაც ორგანიზაციას შენ მიერვე გაკეთებული დასკვნის დაცვა არ შეგიძლია, მართლა ჩნდება კითხვა - რა აზრი აქვს შენს მოწვევას? როდესაც სხვა სახელმწიფოში ისეთ დასკვნას დაწერ, რომ იქ არჩევნები შეიძლება გაუქმებულადაც გამოაცხადო, აქ კი მას დიდი ამბით ულოცავ ყველას - აი, ასეთ შემთხვევაში ეს კითხვა მარტო მე კი არა, მთელ ქართულ საზოგადოებას აქვს. სხვათა შორის, ეს კითხვა იმ საზოგადოებასაც აქვს, რომელიც ეუთო-ს სხდომის მიმდინარეობისას ქართულ დელეგაციასთან კულუარებში მიდიოდა, ბოდიშს უხდიდა და ამბობდა: არ აქვთ ის პოლიტიკური ნება, რომ სიმართლეს ბოლომდე დაუდგნენ გვერდშიო. ამიტომ, ეს კითხვა თვითონ მათვე გააჩინეს.
ამ კითხვაზე პასუხი ის არის, რომ ეუთო-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ის არის პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და არა პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოსაყენებელი პლატფორმა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.