ყველა ჰიპერდამმუნათებელს მოვუწოდებ,სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოიკრიბონ და ამ ხალხის გათავისუფლების პროცესს სათავეში ჩაუდგნენ! ჩვენ არ დაგამუნათებთ, გამოგყვებით ბრძოლაში რიგითებად, გპირდებით,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
როგორც გვარამია წერს, ყველა ორგანიზებისთვის დაპატიმრებულს ურჩევს, ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმეს ციხეში შესვლას.
„დღეს 4 ოქტომბრის კიდევ 8 მონაწილეს მიუსაჯეს 5-5 წელი. ყველა ორგანიზებისთვის დაპატიმრებულს გულწრფელად ვურჩევ, ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმეს ციხეში შესვლას, რადგან ზრდასრული ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს, როგორ მოიქცნენ.
ყველა ჰიპერდამმუნათებელს (დღემდე რომ ბედავს ზოგიერთი იგივეს) მოვუწოდებ: სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოიკრიბონ და ამ ხალხის გათავისუფლების პროცესს სათავეში ჩაუდგნენ! ჩვენ არ დაგამუნათებთ, გამოგყვებით ბრძოლაში რიგითებად, გპირდებით.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს“,- წერს გვარამია.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.