საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი ახალი წიგნების პრეზენტაცია გაიმართება
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, 2008-2009 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით ახალი გამოცემები მომზადდა. ესენია "ინკლუზიური განათლება - ვისწავლოთ ერთად"; ჟესტური ენის ლექსიკონი - მოლაპარაკე ხელები" და ინკლუზიური განათლება - გზამკვლევი მასწავლებლებისათვის".
განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ინკლუზიური განათლების მიზანია შეზღუდული შესაძლებლების მქონე ყველა ბავშვს მიეცეს თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.
ახალ გამოცემებში წარმოდგენილია ის საკითხები, რომლებიც განსაკუთებულ მნიშვნელობას იძენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლებისა და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესში, საუბარია შეზღუდული შესაძლებლების მქონე ადამიანებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართებაზე, მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციისა და ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართვის მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, გამოსცა პირველი ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი "მოლაპარაკე ხელები", რომელსაც თან ერთვის სამი DVD-დისკი:"ჩემი პირველი ანბანი ჟესტურ ენაზე; "მოლაპარაკე ხელები"; ზღაპრები (ჟესტურ ენაზე ითარგმნა: ,,წითელქუდა", ,,ჩექმებიანი კატა", ,,კომბლე " და ,,ნაცარქექია".
წიგნები უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას, ყველა რესურსცენტრს, ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სპეციალიზირებულ სკოლებსა და ინკლუზიურ სკოლებს.
ინკლუზიური განათლების პროექტის განხორციელება საქართველოში 2006 წლის ნოემბერში დაიწყო. ამჟამად საქართველოს მასშტაბით დედაქალაქის 10 და რეგიონების 10 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ინკუზიური განათლების დანერგვა, სასწავლო პროცესში ჩართულია 500-ზე მეტი ბავშვი, გადამზადდა 500-მდე პედაგოგი და მშობელი ინკლუზიური განათლების მიმართულებით.