გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა უკვე ამ ზაფხულს გაიმართოს.
მისი შეფასებით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ახლა უფრო ღიაა მოლაპარაკებების მიმართ.
„ვფიქრობ, არსებობს შანსი, რომ ამ ზაფხულს დაიწყოს მოლაპარაკებები. შესაძლოა ახლა ის იმ ეტაპზეა, როცა სერიოზულად ფიქრობს ამაზე,“ - განაცხადა ვადეფულმა.
მისი შეფასებით, დიპლომატიური პროცესის დაწყების შესაძლებლობა უახლოეს თვეებში იზრდება, რადგან მოსკოვის პოზიცია, სავარაუდოდ, იცვლება.
ვადეფულის თქმით, ამ ეტაპზე ომი არც ერთ მხარეს არ აძლევს გადამწყვეტ სამხედრო უპირატესობას.
„ერთადერთი, რაც ხდება - ეს არის სიკვდილი. ყოველდღე,“ - აღნიშნა ვადეფულმა.
ამასთან, მან მიუთითა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ ომის სამხედრო გზით მოგებას. ვადეფულმა ამას „საინტერესო განცხადება“ უწოდა, რადგან ის ისმის ვლადიმირ პუტინის ძალიან ახლო მოკავშირისგან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ახლა კი რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს - მოლაპარაკებების გაგრძელება სურს, თუ ომის.
იოჰან ვადეფულმა ასევე ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა კრემლის შესაძლო პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელებას რეალურად აზრი არ აქვს.
„უკრაინის მხარდაჭერა არ შესუსტდება, ამავდროულად სანქციები უარყოფითად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე. გონივრული შეფასებით, ის უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ ახლა არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი მომენტი. არსებობს რეალური შესაძლებლობა, მოხდეს კონფლიქტის დარეგულირების პროცესის დაწყება,“ - განაცხადა ვადეფულმა.