აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერა 14 ივნისს იგეგმება და მისი გაფორმებისთანავე ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო ნაოსნობისთვის გაიხსნება.
„შეთანხმების ხელმოწერა ხვალ იგეგმება და მისი გაფორმებისთანავე ჰორმუზის სრუტე ყველასთვის გაიხსნება“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
მისი თქმით, ირანი ბირთვულ იარაღს არც შეიძენს და არც შექმნის.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამის დროს აშშ ირანის ბირთვული პროგრამის დარჩენილ ინფრასტრუქტურას გაანადგურებს.
„მოუთმენლად ველით ირანთან და მთლიანად ახლო აღმოსავლეთთან თანამშრომლობას მომავალში. ვიმედოვნებთ, ეს პროცესი სწრაფად, მარტივად და შეუფერხებლად წარიმართება. თუ არა, არსებობს უკიდურესი ვარიანტიც, რომლის გამოყენებაც, იმედია, აღარასოდეს დაგვჭირდება“, - განაცხადა მან.
მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შესაძლოა უახლოეს 24 საათში გაფორმდეს.