„დღევანდელი სხდომა შემთხვევითი არ არის, ეს ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა. იქნება შიდა ვაჭრობა, რომელიც „ქართული ოცნების" სურვილს უკავშირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ, სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" პოლიტიკურ პატიმრებს, ანუ მძევლებს, აგროვებს და დასავლეთს ევაჭრება.
კიდევ ერთხელ აკეთებს „ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა: პოლიტიკურ პატიმრებს, ანუ მძევლებს, აგროვებს და დასავლეთს ევაჭრება. დღევანდელი სხდომა შემთხვევითი არ არის, ეს ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა. იქნება შიდა ვაჭრობა, რომელიც „ქართული ოცნების" სურვილს უკავშირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს, არა ახალი არჩევნებით, უკვე თავისი პირობებით ჩატარებული არჩევნებისაც ეშინია, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით”,- განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების პროცესი მიმდინარეობს. სხდომა თვის ბოლოს, 24 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი გაურკვეველი მიზეზებით შეიცვალა.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.