საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონში პროცესების მშვიდობიანად განვითარებას. როგორც დოკუმენტის პროექტშია ნათქვამი, მშვიდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება კავკასიის რეგიონში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის პოზიტიურ შესაძლებლობებს შეიცავს.
ამასთან, არასტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი უარყოფითად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე.
"ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბით განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოს უსაფრთხოების გარემო მნიშვნელვნად გარდაქმნა. მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობისა, ხელი შეუწყოს სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო მსოფლიოს ჩამოყალიბებას, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა აგრესიამ ნათელი გახადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზად ვ რჩება. 2008 წლის რუსეთის აგრესიამ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ჯარების ბაზების განლაგებამ საქართველოს უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად გააუარესა. 2008 წლის ომმა ცხადად მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ეგუება საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს და მის მიერ საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოებას. რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გაზარდა მთლიანად კავკასიის რეგიონის არასტაბილურობის ხარისხი. საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონში პროცესების მშვიდობიანად განვითარებას. ამასთან, არასტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი უარყოფითად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე", - აღნიშნულია კონცეფციაში.