საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტშის მიხედვით, საქართველო დაიცავს თავის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს ყველა კანონიერი საშუალებით.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეფუძნება მის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს, რომელთა დაცვა აუცილებელია საქართველოს არსებობის, უსაფრთხოებებისა და განვითარებისთვის.
"საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებია:
1. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა: საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მათგანაც იგივეს მოითხოვს. საქართველოსათვის მიუღებელია მისი სუვერენიტეტისა და თავისუფალი საგაეროპოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლების შეზღუდვის მცდელობები;
2. თავისუფლება: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციით და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველო ქმნის გარანტიებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისა და ჯგუფის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, პატივს სცემს მათი თავისუფალი არჩევანის უფლებას და ქმნის ხელსაყრელ გარემოს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების განხორციელებისთვის;
3. დემოკრატია და კანონის უზენაესობა: საქართველო უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულია და მათ საფუძველზე ამკვიდრებს მმართველობის დემოკრატიულ სისტემას, რომელშიც ძალაუფლება კანონით არის განსაზღვრული და განაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის. საქართველო უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, პლურალიზმსა და უმცირესობათა უფლებების დაცვას და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას;
4. უსაფრთხოება: საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის საქართველოს სახელმწიფოს, მისი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის ნორმებით და პრინციპებით და მიაჩნია, რომ უსაფრთხოება განუყოფელია როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა შორის ურთიერთობაში, ასევე, საერთაშორისო სისტემაში და ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება ვერ განმტკიცდება მეორე სახელმწიფოს უსაფრთხოების შეზღუდვის ხარჯზე;
5. კეთილდღეობა: საქართველოს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას საბაზრო ეკონომიკის, გამჭვირვალე წესების, ასევე ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის გატარების საფუძველზე;
6. მშვიდობა: საქართველო მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ყველა სახელმწიფოსთან. სადავო საკითხების გადასაწყვეტად, საქართველო იყენებს მშვიდობიან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ მეთოდებს. თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში", - აღნიშნულია კონცეფციაში.