დღეს, 1-ელ დეკემბერს, 12:00 საათზე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-სთან და პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან ერთად, აწყობს გასვლით კონფერენციას თემაზე "საქართველო მშვიდობიანი კავკასიისთვის". ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
"კავკასიელ ხალხთა ერთობა, საერთო კავკასიური სახლის იდეა ყოველთვის იყო და იქნება ამ გეოგრაფიულ არეალში არსებული ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული იდეოლოგიის უმთავრესი ამოსავალი წერტილი. ისტორიულმა თუ უახლესმა წარსულმა გვაჩვენა იმის აუცილებლობა, რომ ასეთი ერთობის გარეშე ვერც აწმყო და ვერც მომავალი ამ ერებისთვის ვერ იქნება მშვიდობიანი. პანკისის ხეობა ის ადგილია, სადაც ქართველთა და ვაინახთა თანაცხოვრებას მრავალწლოვანი ისტორია აქვს. ეთნიკურ ნიადაგზე მტრობამ და შუღლმა, უცხოთა ჩარევის მიუხედავად, ფეხი ვერ მოიკიდა", - აცხადებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ქართულ-კავკასიურ ურთიერთობებზე, ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების მატერიალური კულტურისა და ლიტერატურულ ძეგლებზე, ასევე ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიმართ თანამედროვე რუსეთის იმპერიულ პოლიტიკაზე.
კონფერენცია კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება.