გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს დასავლეთის დაშინებას. მისი კომენტარი უკავშირდება რუმინეთის ქალაქ გალატში მომხდარ ინციდენტს, სადაც საცხოვრებელ კორპუს, რუსული დრონი დაეჯახა.
მისი თქმით, ნატო და ევროკავშირი ამზადებენ ერთობლივ პასუხს რუსეთის „უგუნურ ქმედებებზე“. ვადეფულმა აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპის მოქალაქეების უსაფრთხოებას.
„ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვყოფენ. ჩვენ ამ ქმედებებზე რუსეთს ერთობლივ პასუხს გავცემთ. ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენს ნატო-ს და ევროკავშირის მოკავშირე რუმინეთს,“ - განაცხადა მინსიტრმა.
„ფხიზლად ყოფნა თავისუფლების ფასია. ნატო-ს ეს ძველი დევიზი დღეს ახალ მნიშვნელობას იძენს,“ - დაამატა მან.
ინციდენტი 29 მაისის ღამეს მოხდა, როდესაც ქალაქ გალატში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული დრონი დაეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი.
შემთხვევის შემდეგ რუმინეთმა დახურა რუსეთის გენერალური საკონსულო კონსტანცაში და ქვეყნიდან გააძევა გენერალური კონსული ანდრეი კოსილინი.
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მისი თქმით, დრონმა, სავარაუდოდ, კურსი შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
რუმინეთმა ასევე ნატო-ს მიმართა თხოვნით, დააჩქაროს ანტიდრონული თავდაცვის სისტემების მიწოდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საკონსულოს დახურვაზე მოსკოვს პასუხი აუცილებლად იქნება. მათი თქმით, დასავლეთი ამ ინციდენტს პოლიტიკურად იყენებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის „ობიექტური გამოძიებისთვის“, თუ ყველა მასალა გადაეცემა და დასძინა, რომ დრონის წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია ექსპერტიზის გარეშე.