გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მთავარი ამოცანაა თანამედროვე მოთხოვნებსა და სწრაფად ცვალებად გამოწვევებზე ეფექტიანი და მოქნილი რეაგირება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამინისტრო პასუხობდეს იმ თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელ სამყაროში ძალიან სწრაფად იცვლება. სწორედ ამიტომ, სამინისტრო უნდა იყოს მოქნილი და ადვილად შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტრო სხვადასხვა ფორმით ძალიან ბევრ მომსახურებას გასცემს, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე რეფორმების მიზანია, გადაწყვეტილებების მიღება და მომსახურების გაცემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.
„მიმდინარეობს სიღრმისეული და ძირეული რეფორმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. სოფლის მეურნეობაში ჩვენი მთავარი მიზანია, ქართული პროდუქცია პირდაპირ ხარისხთან ასოცირდებოდეს. ამ პროცესში გარემოს დაცვა გამიჯნული არ არის, რადგან გარემოს დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაში ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ. ჩვენი ამოცანაა, ქართული პროდუქცია ხარისხთან ასოცირდებოდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.