ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ იერიში მიიტანა ამერიკულ ავიაბაზაზე, რომელიც, მათი თქმით, ხუთშაბათს გამთენიისას ირანის ობიექტებზე განხორციელებული აშშ-ის დარტყმებისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ ირანულმა სახელმწიფო მედიისთან დაკავშირებულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია. იუწყება CNN
IRGC-ს არ დაუკონკრეტებია, რომელ ავიაბაზას დაესხა თავს. აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში აქვს სამხედრო ავიაბაზები.
„დღეს გამთენიისას დამპყრობელი ამერიკული სამხედრო ძალების მიერ ბანდარ-აბასის აეროპორტის შემოგარენში მდებარე ობიექტზე საჰაერო ჭურვებით განხორციელებული აგრესიის შემდეგ, დილის 4:50 საათზე სამიზნედ იქცა ამერიკული ავიაბაზა, რომელიც ამ თავდასხმისთვის გამოიყენებოდა“, - ამის შესახებ ირანული სააგენტო „ფარს ნიუსი“ IRGC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
IRGC-მ აღნიშნა, რომ მათი პასუხი აშშ-ისთვის „სერიოზული გაფრთხილებაა“ და განაცხადა, რომ ამერიკული „აგრესია უპასუხოდ არ დარჩება“.
დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ირანმა თავდასხმის შესახებ განაცხადა, ქუვეითის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა „მტრულ“ დრონებსა და რაკეტებს აჩერებდა, თუმცა თავდასხმების წარმოშობა არ დაუსახელებია.
ხუთშაბათს გამთენიისას ბანდარ-აბასის აღმოსავლეთ ნაწილში სამი აფეთქების ხმა გაისმა. ბანდარ-აბასი სტრატეგიული ირანული საპორტო ქალაქი და საზღვაო ბაზაა, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს.