გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„როგორც იტყვიან, რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი მაინც თავს არ დამალავს. ამ ჭირმაც არ დამალა თავი. გუშინ ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ აქცია მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების, გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს არის, რაც სინამდვილეში, კიდევ ერთხელ დაინახა ქართველმა ხალხმა – ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან, გახლიჩონ საზოგადოება, მაშინ როდესაც ქვეყანა ზეიმობს, ადამიანებს ჩააშხამონ ზეიმი. ვნახეთ მათი მცდელობები, რაიმენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ, დიდი ხანია, დაკარგულია. ასე რომ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, ზუსტად ის ფეისბუქბაბლია, რომელსაც საზოგადოებად წარმოუდგენია თავი და სინამდვილეში, „ფეისბუქის“ ერთი ფრენდლისტი არის. მათი მოწოდებებიდანაც ჩანდა, რომ უნდოდათ, სოცქსელებში გამოჩენილიყვნენ, სხვებისთვის დაენახებინათ საკუთარი თავი. ასე რომ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე დაგვენახა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.