The Washington Times-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი, სავარაუდოდ, კვირას სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტის საბოლოო ვერსიას გამოაცხადებენ.
გამოცემის წყაროს ცნობით, შეთანხმების პროექტზე მხარეები შაბათს, დილით შეთანხმდნენ და მისი ოფიციალური გამოცხადება 24 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი.
წყაროს ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე დაამტკიცეს მთავარმა მომლაპარაკებლებმა, მათ შორის ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა.
შეთანხმების პროექტი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მზადდება, საბოლოო დასამტკიცებლად ორივე ქვეყნის ლიდერებს გადაეგზავნა.
წყაროების მიხედვით, შეთანხმების წარმატების შემთხვევაში, ის მიმდინარე მყიფე ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მუდმივ მშვიდობად გადააქცევს, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ახალი დარტყმების შესაძლებლობა კვლავ არ არის გამორიცხული.
შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. უცნობია, როგორ გადაწყდება მთავარი საკითხები - მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის ბედი და სანქციების შესაძლო მოხსნა.
ასევე მხარეები უნდა შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად პარალიზებულია. სრუტე წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ მარშრუტს, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადაადგილდება, ხოლო მისი ჩაკეტვა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს სერიოზულად შეეხო.