უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ისა და ევროპის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთი შესაძლოა „ორეშნიკის“ გამოყენებით დარტყმას ამზადებდეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვა პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციას ამოწმებს. მისი თქმით, შეინიშნება უკრაინის, მათ შორის კიევის წინააღმდეგ კომბინირებული იერიშის მომზადების ნიშნები, სადაც შესაძლოა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებასთან ერთად საშუალო სიშორის სისტემებიც გამოიყენონ.
უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, 23 მაისის საღამოდან საჰაერო განგაშის სიგნალებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ.
„რუსული სიგიჟე მართლაც უსაზღვროა, ამიტომ გთხოვთ, გაუფრთხილდით სიცოცხლეს, გამოიყენეთ თავშესაფრები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ იმას, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება და ომის გაჭიანურება სხვა პოტენციური აგრესორებისთვისაც სახიფათო მაგალითს ქმნის.
„თუ რუსეთს ასეთი მასშტაბით სიცოცხლის განადგურების უფლებას აძლევენ, მაშინ ვერცერთი შეთანხმება ვერ შეაკავებს აგრესიასა და თავდასხმებს სხვა მსგავსი რეჟიმების მხრიდან, რომლებიც სიძულვილზე არიან დაფუძნებული. ველით მსოფლიოს რეაქციას და იმას, რომ ეს რეაქცია პრევენციული იქნება და არა უკვე მომხდარის შემდეგ. საჭიროა მოსკოვზე ზეწოლა, რათა ომი არ გააფართოოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მაქსიმალურად აძლიერებს საჰაერო თავდაცვას და „ყოველ რუსულ დარტყმას სრულიად სამართლიან პასუხს გასცემს“.
„აღლუმის ჩატარების უფლება მივეცით, მაგრამ რუსეთის სიგიჟისთვის ნებართვა არავის მიუცია. ეს ომი უნდა დასრულდეს. საჭიროა მშვიდობა და არა რაკეტები ერთი ადამიანის ავადმყოფური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მადლობა ყველას, ვინც სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება. კიდევ ერთხელ - გაუფრთხილდით თავს და გამოიყენეთ თავშესაფრები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.