აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 108,1 მილიონი დოლარის ღირებულების HAWK-ის სარაკეტო სისტემის მომსახურების აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის ხელისუფლების მიმართვის საპასუხოდ.
„ეს გაყიდვა ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების გზით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის განმარტებით, ეს შეთანხმება ასევე გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს.