ევროკავშირი ამზადებს „მინი-სანქციათა პაკეტს“, რომელიც შესაძლოა, რუსეთის პატრიარქს კირილსაც შეეხოს. ამის შესახებ Euronews იუწყება.
პაკეტი, საერთო ჯამში, დაახლოებით ათი პირის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იცავდა, ასევე რამდენიმე რუსული გემის წინააღმდეგ, .
მედიის ცნობით, უნგრეთის ახალმა მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ევროკავშირს მიეცეს შესაძლებლობა სანქციები დაუწესოს რუსეთის პატრიარქს კირილ გუნდიაევს და სხვა პირებს, რომელსაცც ადრე უნგრეთის ყოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის მთავრობა ბლოკავდა.
ეს ნაბიჯი, შესაძლოა, გახდეს საფუძველი იმისა, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რელიგიური ფიგურა ევროკავშირის შავ სიაში მოხვდეს. ოფიციალური პირების თქმით, „მინი-სანქციათა პაკეტი“ უკვე მზადდება.
ცნობისთვის, ევროკავშირმა პირველად 2022 წელს სცადა კირილის სანქციების სიაში შეყვანა, თუმცა მაშინ უნგრეთმა ეს ინიციატივა დაბლოკა და გადაწყვეტილება რელიგიური თავისუფლების არგუმენტით ახსნა.
ბრიუსელი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სანქციების პაკეტის მიღებას არ დაბლოკავს.
„სანქციები, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკურ სტაბილურობას დააზიანებდა, აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც წინა მთავრობა უნგრეთის სახელმწიფოს ძალაუფლებას პირადი გარიგებებისთვის იყენებდა, ველოდები, რომ ახალი მთავრობა არ დაბლოკავს ევროკავშირის ერთობლივ ძალისხმევას რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გასაძლიერებლად ომის დასრულების მიზნით“, - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მარტონ ჰაიდუმ.
მისი თქმით, ადრე სანქციების სიაში შეყვანილი რამდენიმე პირი - მათ შორის რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარევი და ოლიგარქი ვიაჩესლავ კანტორი — მოგვიანებით უნგრეთის ყოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის მოთხოვნით ამოიღეს, თუმცა ახლა მათი დაბრუნება შესაძლებელია.
ამასთან, წინადადება ასევე ეხება ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ რამდენიმე გემს, რომელსაც რუსეთი დასავლური სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს.