აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია იმდენი უკრაინისთვის, რამდენიც დონალდ ტრამპს.
ინფორმაციას Clash Report ავრცელებს.
ჟურნალისტებმა ვენსს ჰკითხეს, რატომ „აჯილდოებს აშშ რუსეთს და სჯის საკუთარ საუკეთესო მოკავშირეს ევროპაში“ პოლონეთში ამერიკული ჯარების განთავსების დროებით შეჩერებით.
„სიმართლე გითხრათ, არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია იმდენი უკრაინის გადარჩენისთვის რუსეთის შეჭრის დროს, რამდენიც დონალდ ტრამპს. როგორც თავად მას უთქვამს: ‘ობამამ უკრაინას საბნები მისცა, მე კი უკრაინას „ჯაველინები“ მივეცი’. სწორედ ამ ‘ჯაველინებმა’ უზრუნველყო, რომ უკრაინამ დღემდე შეინარჩუნა თავისი ტერიტორიული სუვერენიტეტი,“ - განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს სურს გაატაროს პოლიტიკა, რომელიც აშშ-ის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და ამ საგარეო პოლიტიკის ნაწილი არის „არ დააჯილდოოს პუტინი და არ დასაჯოს ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია“.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკა მიმართულია ევროპის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ გვინდა, რომ ევროპამ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. ჩვენ გვინდა, რომ ევროპამ ეს ფართო მასშტაბით გააკეთოს“, - აღნიშნა მან.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საუბარია მხოლოდ იმ ძალების განთავსების დროებით გადადებაზე, რომლებიც პოლონეთში უნდა გადაესროლათ.
„ეს არ არის შემცირება, ეს უბრალოდ განთავსების სტანდარტული გადადებაა.
ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროპისგან ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანაზე. ჩვენ ვსაუბრობთ რესურსების ისეთ გადანაწილებაზე, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის ამერიკის უსაფრთხოებას. არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია ევროპისთვის, ეს ევროპას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს“, - განაცხადა მან.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ვერ იქნება „მსოფლიო პოლიციელი“ და სურს იყოს „კარგი მოკავშირე“:
„ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სამხედრო ყოფნა ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას ევროპაში. პრეზიდენტს არ უთქვამს, თუმცა შეეძლო ეთქვა, რომ ყველა ჯარს გაიყვანს ევროპიდან. მაგრამ ევროპამ საკუთარ ფეხზე უნდა დადგეს. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკა ევროპაში“, - განაცხადა ვენსმა.
ცნობისათვის, აშშ-მა მოულოდნელად გააუქმა პოლონეთში 4 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის განთავსების გადაწყვეტილება. მედიის ინფორმაციით, საუბარია 1-ლი კავალერიული დივიზიის 2-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის საბრძოლო ჯგუფზე.
20 მაისს პენტაგონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროპაში განთავსებული ბრიგადების რაოდენობა ოთხიდან სამამდე შემცირდა. პენტაგონის პრესსპიკერის შონ პარნელის განმარტებით, ამით აშშ-ის სამხედრო ყოფნა ევროპაში 2021 წლის დონეს უბრუნდება.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მრავალდონიანი და კომპლექსური პროცესის შედეგია, რომელიც აშშ-ის სამხედრო ყოფნის გადახედვაზეა ფოკუსირებული ევროპაში.
"პოლონეთში ამერიკული ძალების განთავსება დროებით გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი აშშ-ის სანიმუშო მოკავშირეა“, - განაცხადა პარნელმა.