ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გასულ კვირას გამართული მოლაპარაკებების დროს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა ინანოს.
ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
რამდენიმე ადამიანის თქმით, რომლებიც პეკინში გამართული სამიტის შედეგებს იცნობენ, ჩინეთის ლიდერმა ეს შენიშვნა გააკეთა ფართო მოლაპარაკებების დროს, რომლებიც ეხებოდა უკრაინის საკითხსაც და ასევე ტრამპის წინადადებას, რომ ის პუტინთან და სი ძინპინთან ერთად ითანამშრომლებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ.
გამოცემის მიხედვით, სი ძინპინის ეს შეფასება პუტინის 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უფრო მკაფიო და მკაცრი იყო, ვიდრე მისი წინა განცხადებები.
ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც იცნობს სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრების მიმდინარეობას, აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები „გახსნილ და პირდაპირ“ საუბრებს აწარმოებდნენ რუსეთსა და უკრაინაზე, სი ძინპინი არ აკეთებდა პირად შეფასებებს პუტინის ქმედებებზე და ომზე.
წყაროების თქმით, სამიტის დროს სი ძინპინთან ტრამპმა ასევე შესთავაზა, რომ აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივად იმუშაონ ICC-ის წინააღმდეგ, და აღნიშნა, რომ მათი ინტერესები ამ საკითხში თანხვედრაშია.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში 14-15 მაისს იმყოფებოდა, ხოლო დღეს პეკინში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავა.