18 მაისის დილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისთვის გირაო გადაიხადეს. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გირაოს თანხა 140 მილიონ გრივნას (3,2 მილიონ დოლარს) შეადგენდა.
ერმაკმა განაცხადა, რომ არ იცის, ვინ გადაიხადა მისთვის გირაო.
14 მაისს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ერმაკს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელიც კიევის სიახლოვეს ელიტური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას უკავშირდება, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
სასამართლოში ერმაკმა განაცხადა, რომ მას „ასეთი თანხა არ აქვს“, თუმცა აღნიშნა, რომ ჰყავს „საკმარისი მეგობრები და ნაცნობები“, რომლებიც გირაოს გადახდაში დახმარებას შეძლებდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გირაოს გადახდის შემდეგ ერმაკს კიევის დატოვება ეკრძალება. ის ვალდებულია, ჩააბაროს უცხოური პასპორტები და თავი შეიკავოს საქმის სხვა ფიგურანტებთან კონტაქტისგან.