Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთი და უკრაინა დიდ პერსპექტივას აღარ ანიჭებენ, პროგრესის შესახებ ვაშინგტონის საჯარო განცხადებების მიუხედავად.
გამოცემის წყაროების თანახმად, როგორც კიევში, ისე მოსკოვში მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული და არსებულ პირობებში მისი განახლების შანსი დაბალია.
წყაროების ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად ორიენტირდება შედეგის სამხედრო გზით მიღწევაზე და ტერიტორიული მოთხოვნების გაფართოებაზე.
როგორც ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, პუტინი დარწმუნებულია სამხედრო წარმატების პერსპექტივაში:
„მე მას ვთავაზობდი, რომ ომი არსებული ფრონტის ხაზზე დაესრულებინა. ის კი მუდმივად ამბობს: ‘არა, ამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა არ შემიძლია.’“
„ის ვერ აიღებს ზაპოროჟიეს, ვერ აიღებს დონბასს, ვერ აიღებს ხერსონს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ გეგმა ყოველთვის იყო კიევის აღება. ამოცანა დასახულია და უნდა შესრულდეს... მას ეუბნებიან, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ, მათი ფრონტი ინგრევა და მათ ადამიანური რესურსი ეწურებათ,“ - ტქვა კიდევ ერთმა წყარომ.
კიევში მიიჩნევენ, რომ დიპლომატიის წინა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.
„ამერიკულმა მხარემ რუსეთის მხრიდან ვერანაირი პროგრესი ვერ მიიღო,“ - აცხადებს ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი.
წყაროების ცნობით, უკრაინული მხარე ასევე იმედგაცრუებულია იმით, რომ აშშ-მა ვერ შეძლო მოსკოვის იძულება საკუთარი მოთხოვნების შერბილებისკენ. კიევში მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაყინულად მიაჩნიათ.
რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დიალოგი შეუძლებელია მანამდე, ვიდრე კიევი დონბასის საკითხზე დათმობებზე არ წავა.
„სიმართლე ის არის, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევას და მაქსიმალისტურ მოთხოვნებს ინარჩუნებს. რუსეთის ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება ნებისმიერ დეკლარირებულ მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის,“ - განაცხადა წყარომ.