საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ცნობით, გიორგი ჭყოიძე ექვსი წლით დისკვალიფიცირდა, ხოლო ლაშა ხმალაძე, ოთარ ლაშხი და მირიანი მოდებაძე სამწლიანი სასჯელით დაისაჯნენ. ლაშა ლომიძე კი სპორტს ცხრა თვით ჩამოშორდა.
ანტიდოპინგური მსოფლიო სააგენტოს გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სამსახური მოსალოდნელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას აწვდიდა, ხოლო ის ამ ინფორმაციას გუნდის საერთო ჩატში ავრცელებდა.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, World Rugby, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დააფიქსირა, მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეცვლის ეს სქემა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლიდან მოყოლებული, შარიქაძისა და კიდევ ხუთი მოთამაშის მონაწილეობით, ნიმუშების ჩანაცვლების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.
შარიქაძემ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა და დანარჩენი სამი მატჩი წააგო.
შარიქაძემ, რომელიც დისკვალიფიცირებულ მოთამაშეებს შორის ყველაზე ცნობილი ფიგურაა, კარიერის დასრულების შემდეგ MMA-ში გადაინაცვლა და სადებიუტო ბრძოლა 2025 წლის ნოემბერში მოიგო.