დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სანქციების აღნიშნული პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მტრული ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად მიიღო. სანქციები დაწესდა 85 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში მონაწილეობდნენ.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Social Design Agency-ში (SDA) მომუშავე 49 ადამიანს, კერძოდ, „ავტორებს, მთარგმნელებსა და რეჟისორებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან კრემლის პროპაგანდაზე“.
„SDA-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით კამპანიები დაგეგმა, სომხეთში პრორუსული ორგანიზაციების შექმნისა და პრორუსული პირების სასარგებლოდ ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის „ახალგაზრდობის სამხედრო-სპორტული განათლებისა და პატრიოტული აღზრდის ცენტრს“ „უკრაინელი ბავშვების რუსიფიკაციის საშინელ პოლიტიკაში“ თავისი როლის გამო.