აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლების უკრაინაში ვიზიტის გრაფიკი ამჟამად შეთანხმების პროცესშია. კიევში იმედოვნებენ, რომ ამერიკული დელეგაცია უკრაინას მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ეწვევა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვის აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
„მოლაპარაკებები შინაარსიანი იყო. ვათანხმებთ აუცილებელი ვიზიტების გრაფიკს და ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებს კიევში გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად დაგეგმილის განხორციელება და დიპლომატიის გააქტიურება მოხერხდება“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, აშშ-ში ჰუმანიტარული საკითხებიც განიხილეს, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესის გაგრძელება.
„ვამუშავებთ შეთანხმებების დეტალებს, რომლებმაც შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონსტრუქციული მიდგომა და საჭიროა მშვიდობისკენ სვლა უკრაინისა და ამერიკასთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.