ქართველ ხალხს არ სჭირდება ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენება, საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ, სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი ღია წერილში აღნიშნავს.
მისი თქმით, ევროპის დღემ ისიც უნდა შეგვახსენოს, რომ ევროკავშირის ვერცერთი ხელმძღვანელობა ვერ გააუქმებს ევროპულ იდეალებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ.
„ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას საქართველოზე, არამედ ის უნდა იყოს სხვა ევროპულ ერებთან ჩვენი ისტორიული კავშირების ჭეშმარიტი განმტკიცება, როგორც თანასწორი თანასწორთან.
ევროპის დღემ ისიც უნდა შეგვახსენოს, რომ ევროკავშირის ვერცერთი ხელმძღვანელობა ვერ გააუქმებს ისეთ ევროპულ იდეალებს, როგორებიცაა ეროვნული დამოუკიდებლობა, ქრისტიანული ღირებულებები და ცხოვრების ტრადიციული წესი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ. სწორედ ევროკავშირის ამ დამფუძნებელ სულისკვეთებასთან შეუთავსებლობას ავლენენ ისინი, ვინც მეტისმეტად ერთობიან დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ ე.წ. რეჟიმის ცვლილების გეგმებით, აწესებენ ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელ იდეოლოგიებს და ტრადიციებში არსებული განსხვავებების უგულებელყოფით, ცდილობენ ერთგვაროვანი ცხოვრების წესის დანერგვას.
„ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის“ შექმნის იდეა, რომელიც რობერ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს წარადგინა, მიზნად ისახავდა „ცხოვრების დონის ამაღლებას და მიღწევების შენარჩუნებას“. მას კარგად ესმოდა, რომ მშვიდობა საჭიროებს მყარ ეკონომიკურ ფუნდამენტს. სწორედ ამ იდეაზე იყო დაფუძნებული მთელი ევროპული პროექტი. თუმცა, დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, ეს საბაზისო პრინციპიც დავიწყებული აქვს. სხვა რით უნდა აიხსნას, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის შეთავაზების გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩართვის დაჟინებული მოწოდებები, რომელზე დაყოლაც გამოიწვევდა არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ ნგრევას, არამედ რეგიონულ არასტაბილურობასაც, რაც ევროპას მნიშვნელოვანი ენერგორესურსებისა და გეოეკონომიკური მარშრუტების გარეშე დატოვებდა“, – წერს პაპუაშვილი.