ევროკავშირი არ აპირებს კიევიდან თავისი დიპლომატიური მისიის გამოყვანას, მიუხედავად მოსკოვის მუქარისა, რომ უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ბრიუსელში ევროკომისიის პრესსპიკერმა ანუარ ელ-ანუნიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საჯარო მუქარები კიევზე თავდასხმის შესახებ წარმოადგენს „უპასუხისმგებლო და ესკალაციურ ტაქტიკას“. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინაზე საკუთარი აგრესიული ომის პასუხისმგებლობის გადატანას.
„რუსეთი კვლავ უტიფრად ცდილობს უკრაინას დააბრალოს საკუთარი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ელ-ანუნიმ.
ამავე დროს, პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირი არ შეცვლის საკუთარ დიპლომატიურ ყოფნას კიევში.
„რუსეთის თავდასხმები, სამწუხაროდ, ყოველდღიური რეალობაა კიევში და მთლიანად უკრაინაში“, -თქვა ელ-ანუნიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში რუსეთმა ზიანი მიაყენა კიევში მდებარე რამდენიმე დიპლომატიური მისიის შენობებს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობასაც.
პრესსპიკერის თქმით, რუსეთი ყოველდღიურად უტევს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს, რაც იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებას.
„ამის გათვალისწინებით, მიუხედავად უკრაინის ხანგრძლივი მცდელობებისა, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ მოწოდებებისა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო შეთავაზებისა, რუსეთს არასდროს გამოუჩენია ომის შეჩერების სერიოზული განზრახვა, პირიქით, მან გააგრძელა ესკალაცია და მკვლელობები“, - აღნიშნა ელ-ანუნიმ.