ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, რომლითაც ხორციელდება საქართველოში იმპორტი, გაზრდილია.
კავშირში აცხადებენ, რომ ბენზინზე ფასი 830 დოლარიდან 896 დოლარამდე/ტონაზე გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავზე - 756 დოლარიდან 867 დოლარამდე/ტონაზე. ასოციაციის ინფორმაციითვე, ფასების მატება ფიქსირდებოდა ასევე მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში.
"აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არის ფასები, რომლებსაც კომპანია იხდის უშუალოდ პროდუქციის შეძენისას ადგილზე. განსაკუთრებითაა გაზრდილი დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასები, თითქმის 110 დოლარით/ტონაზე (ტონაში არის 1160-1200 ლიტრი დიზელის საწვავი).
რაც შეეხება ნავთობის მსოფლიო ფასს, დღეისათვის შეადგენს: ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe -ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი - 103.78 დოლარს/ბარელზე; ნიუ-იორკში ეწ York Mercantile Exchange -ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 84.99 დოლარს/ბარელზე"- განმარტავენ ასოციაციაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ განსაკუთრებითაა გაზრდილი ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე, რომელმაც მიაღწია ფაქტიურად ბოლო 2.5-წლიან მაქსიმუმ მაჩვენებელს. ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე წლის დასაწყისიდან გაზრდილია 94.84 დოლარიდან 103.78 დოლარამდე/ბარელზე.
"ნავთობის ფასის ზრდის ძირითადი მიზეზია ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება. პირველ რიგში ეგვიპტეში არსებული კრიზისი. მართალია ეგვიპტე ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა არ არის, მაგრამ იქ მდებარეობს სუეცის არხი, რომლის საშუალებითაც ხდება ნავთობის მიწოდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპულ ქვეყნებში. ეგვიპტის შემდეგ დაძაბულობა გადავიდა ბაჰრეინში, იემენში, ირანში. უკანასკნელი ინფორმაციით, ირანმა სუეცის არხის გავლით გაგზავნა 2 სამხედრო გემი სირიის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო მეტად დაძაბა ვითარება. ამ უკანასკნელმა კი ხელი შეუწყო ნავთობის ფასის მატებას. ცნობისათვის, ირანი გახლავთ ოპეკში სიდიდით მეორე ნავთობმომპოვებელი ქვეყანა. ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურება ხელს შეუწყობს ნავთობზე ფასების შემცირებას"- განაცხადეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, წლის დასაწყისიდან საწვავზე ფასი გაიზარდა ერთიანობაში 10-15 თეთრით/ლიტრაზე. ჯერჯერობით საწვავის ფასის ზრდა არაა ნავარაუდები.