საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი, სამწუხაროდ, შეუქცევადი გახდა. სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე, ქვეყანაში საწვავის გაძვირება გრძელდება, "ქართული ოცნება" კი ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
"საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი, სამწუხაროდ, შეუქცევადი გახდა. სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე, ქვეყანაში საწვავის გაძვირება გრძელდება, "ქართული ოცნება" კი ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საწვავი დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო ჯამში, 28 თებერვლიდან მოყოლებული სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 47 თეთრიდან 1.25-მდე გაიზარდა.
ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი, ცენტრალური დაპირება იყო, რომ შეამცირებდა ბენზინის ფასს და მოაშორებდა კარტელებს ბენზინის ბიზნესს. ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის შემდეგ, ეს დაპირება კრახით მთავრდება. ამ კამპანიიდან 13 წელი გავიდა, ბენზინის ფასი კი გაორმაგებულია და ორ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე ის იყო აქამდე. ბენზინის ფასის ზრდაში პირდაპირი კონტრიბუცია აქვს "ქართულ ოცნებას", როდესაც 2017 წელს გააორმაგა აქციზის გადასახადი და ამით გაზარდა ბენზინის ფასი, ამიტომ, მხოლოდ "ჰორმუზის კრიზისს" ამას ვერავინ დააბრალებს.
რაც არ უნდა იყოს დღეის მდგომარეობით ვითარება, სახელმწიფოს აქვს ერთადერთი გამოსავალი - მინიმუმ 2017 წლის ზღვარზე დაწიოს აქციზის გადასახადი და რაღაც პერიოდის მანძილზე, სანამ საერთაშორისო ბაზარზეც ფასები არის გაზრდილი, მთლიანად გააუქმოს აქციზის გადასახადი საწვავზე. ეს შეუმსუბუქებს ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილებისა და ტრანსპორტირების ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ხარჯებს. აქვე შეგახსენებთ, რომ არაფერია ჯადოსნური ამ კამპანიაში, ათობით ქვეყანამ უკვე მიიღო სპეციალური ზომები ირანში და საწვავის ბაზარზე არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე. მაგალითად, როგორც დროებითი ღონისძიება,
იტალიამ ბენზინზე აქციზი 30%-ით შეამცირა;
პორტუგალიამ დიზელზე და ბენზინზე აქციზი დაახლოებით 20%-ით შეამცირა;
პოლონეთმა საწვავზე დღგ-ს გადასახადი დაწია 23%-დან 8%-მდე და დააწესა საცალო ფასის ზედა ზღვარი;
ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ ბენზინის აქციზი შეამცირა 13-დან 3 რუპიამდე;
გერმანიის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გახადა სიმბოლური იმავე მიზნით, რომ ადამიანებმა შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება;
ამ ქვეყნებმა მიხედეს თავიანთ მოქალაქეებს და მიიღეს ზომები, რომ მათი მოქალაქეები იყვნენ დაზღვეულები გაღარიბებისგან და ინფლაციისგან. "ქართულმა ოცნება" უკვე დააგვიანა ამ ზომების მიღება, მაგრამ დღესაც არის შესაძლებელი ამის მიღება და შემსუბუქება ცოტათი მაინც საქართველოს მოქალაქეების გაღარიბებისა, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.