უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, დაველოდოთ, რა ხელშესახებ საკითხებში გარდაიქმნება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან განცხადებები თუ სატელეფონო ზარები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება დგას იქ, სადაც ოთხი წლის წინ იყო – საკუთარი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“.
"მიუხედავად საჯაროდ გაკეთებული განცხადებისა – თურმე ეკონომიკური სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და ამით ჩვენი ეკონომიკა ჩამოვანგრიოთ. ასეთი განცხადებები არსად წასულა. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ოთხი წლის წინ ვიდექით. ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ამავდროულად, უკრაინელ ხალხთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.
რაც შეეხება უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს, ვნახოთ, დაველოდოთ, რა ხელშესახებ საკითხებში გარდაიქმნება ეს განცხადებები, გასაუბრება თუ სატელეფონო ზარები. ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ. მეორე მხრიდანაც უნდა იყოს კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული, იქნება ეს დასანქცირების საკითხი თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში მსჯავრდებული დამნაშავეების საქართველოსთვის გადმოცემა, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობას იკავებენ, იქნება ეს გია ლორთქიფანიძე თუ ადეიშვილი. ეს ხელს არ უწყობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის გაჯანსაღებას. არც ელჩია დანიშნული და ადგილზე გამოგზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი აგრემანი უკვე გაცემულია. ყველას გვახსოვს, როგორ აფრიალებდნენ მიხეილ სააკაშვილის სურათებს, თურმე მისი უფლებები ირღვეოდა. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის არავითარი უფლება არ ირღვეოდა. არავის დავიწყებია განცხადებები, მაგალითად, ტანკებით გასეირნების მოწოდება თუ შეხიდება გარდაცვლილ ადამიანებში; ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნის მოწოდება, ამავდროულად სანქციების დაწესება. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო. ყველაზე რბილი შეფასებით, ეს არამეგობრული დამოკიდებულებაა. სწორედ ამიტომ, უკრაინელ ხალხთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებოდით“, – განაცხადა გორდულაძემ.