7 მაისს, დილით, ლატვიაში რუსეთის მხრიდან შეჭრილი ორი დრონი ჩამოვარდა.
ინფორმაცია დაადასტურეს ლატვიის არმიისა და პოლიციის წარმომადგენლებმა, წერს გამოცემა LSM.
დილით ადრე ბალვის, ლუძასა და რეზეკნეს რაიონებში საჰაერო სივრცეში საფრთხის შესახებ განგაში გამოცხადდა. 07:00 საათის მდგომარეობით, გაფრთხილება კვლავ ძალაშია.
პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ რეზეკნეში, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 40 კმ-ში ერთ-ერთი დრონი ჩავარდა ტერიტორიაზე, სადაც ნავთობის საცავი მდებარეობს.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურებისა და პოლიციის წარმომადგენლები.
მეორე დრონის ჩამოვარდნის ადგილი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ მიემართება რეზეკნეს რეგიონში. მისი თქმით, სიტუაცია რთულია, საფრთხე კვლავ არსებობს.
მისივე თქმით, ნატო-ს ძალებთან ერთად მიმდინარეობს საჰაერო სივრცის მაქსიმალური კონტროლი და ჰაერში იმყოფებიან გამანადგურებლები.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი და დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს.
„ერთი შეხედვით, არსებობს ალბათობა, რომ ეს დრონები იყო, რომლებიც უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია; ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს“, - დაამატა მან.