ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გვქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის პრეზიდენტთან, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და, მათ შორის, იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ანდრეი სიბიგასთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებს.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. საქართველოს მთელი ამ ხნის აქვს განმავლობაში თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინული მხარისგან იგივე დამოკიდებულება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინულ მხარესთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.
„შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი. ეს შედგა ამ ფორმატის ფარგლებში უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც არის ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უკრაინულ მხარესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხსაც.
„იყო საუბარი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნაზე. ვნახოთ. საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები იყო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.