ჩვენი რეკომენდაციაა - უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს - ამის შესახებ ფასების კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„დასკვნა სამ მიმართულებას ეფუძნება. პირველი, ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც არის საშუალო ვადიანი პერიოდი, 6-თვიდან 9-თვემდე და ეს დაფუძნებული იქნება არაჯანსაღი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე, საუკეთესო პრაქტიკებზე. დასკვნაში სხვადასხვა ქვეყნის მოდელებია მოყვანილი - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესპანეთის, ჰოლანდიის.
დასკვნა ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და იქ უფრო დეტალურად დამუშავდება.
გრძელვადიანი სტრატეგია ლოჯისტიკური ჯაჭვის შემცირებასა და დამოკლებას მოიცავს, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას.
4 ქვეყნის გამოცდილება არის აღებული და თუ კი აღმასრულებელი ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, აქედან ჩვენი რეკომენდაციაა - უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.