ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მწარმოებლის მხარდაჭერა სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს, - ამის შესახებ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
"მცირე და საშუალო მწარმოებლებს განსაკუთრებული [ყურადღება] უნდა დაეთმოს. საჭიროა და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მწარმოებლის მხარდაჭერა სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს, რადგან მათ ბაზარზე უკეთესი ოპერირების საშუალება უნდა მიეცეთ.
უფრო მეტსაც გეტყვით, რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმასაც, რომ მათთვის რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ქსელში თავიანთი პროდუქციის განთავსება. ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც აუცილებელია", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, კომისიის რეკომენდაცია პერსონალის გადამზადების ხელშეწყობასაც მოიცავს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტის ბაზრებს გაუწიოს კონკურენცია.
"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 3-4-წლიანი სტრატეგია გაიწეროს. ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებას ეხება. აქაც, ძირითადი გამოწვევა მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს არა კომერციული მექანიზმების, არამედ სამუშაო კაპიტალის სიმცირე და კაპიტალზე წვდომა.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით მიზანმიმართულად და წერტილოვნად უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურება, გრძელვადიან პერიოდში აქცენტი უნდა გაკეთდეს კაპიტალზე და პერსონალის გადამზადებაზე, იმიტომ რომ შეხვედრებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი წარმოება გახდეს კონკურენტუნარიანი, ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა რადგან თუკი ის არ იქნა კონკურენტუნარიანი, ეს საბოლოო ჯამში აზარალებს მომხმარებელს", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა. [წყარო: BMG]