„ოპოზიციის ალიანსი“ არის ისევ ისეთი, როგორიც იყო მანამდე, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გვარამიას თქმით, ალიანსი როცა კეთდებოდა, არავის ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა.
“როცა ალიანსი კეთდებოდა, ბუნებრივია, არავის ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა. იმასაც ვიტყვი, რომ გაერთიანება 2024 წელს თუ ვერ შედგა, მათ შორის იმის გამო ვერ შედგა, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებები და კამათი, შესაძლოა, საარჩევნო კოლაფსით დამთავრებულიყო. ახლა ეს მხოლოდ ალიანსის ფარგლებში მიმდინარე კამათია, რომელიც როგორც ალიანსს დიდად არ გვაზიანებს, მაგრამ როგორც საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიაში ძალიან დაგვაზიანებდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამიას კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პასუხად გაკეთდა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, განცხადება გაკეთდა არა კრიტიკის, არამედ პერსონალური თავდასხმის გამო, იგულისხმება ნიკა მელიაზე თავდასხმა.
„ყველას შევახსენებ, როცა პარტიას ციხეში ჰყავს ლიდერი, ამ დროს ყოველთვის გაცილებით უფრო მაღალია მგრძნობელობა. ჩემზე რომ ეთქვა, მე საერთოდ არ ჩავთვლიდი საჭიროდ პასუხის გაცემას, მაგრამ ნიკა მელია იგივე შემთხვევაა, იგი ციხეშია, პოლიტპატიმარია და ციხიდან საკუთარი უფლებების დაცვას ვერ მოახერხებს. ჩვენ მორალური ვალდებულებაც გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. ჩვენ ეს ჩავთვალეთ პირად თავდასხმად ნიკა მელიაზე და, რომელიც სხვათ აშორის, სააკაშვილმა თავისი პოსტიდან ამოიღო. მე ყველას შევახსენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი შემადგენლობით იმყოფება ალიანსის სხდომებზე და მას შეუძლია თავისი ლიდერის პოზიციები მათ შორის იქ დაიცვას", - განაცხადა გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიციას რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია არა აქვთ. სააკაშვილმა ამის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა: "2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა, ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი".
ოპოზიციურ ალიანსში შემავალმა პარტიებმა სააკაშვილს სპეციალური განცხადებით უპასუხეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის ალიანსის პრინციპებს – ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის და თავდასხმებისაგან თავის შეკავების შესახებ არღვევდა.