უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შედეგად მოსკოვმა, შესაძლოა, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მიიღოს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისთვის იქნება გამოყენებული
მისი თქმით, ამჟამად ზღვაში იმყოფება რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 110-ზე მეტი ტანკერი, რომელთა ბორტზე 12 მილიონ ტონაზე მეტი რუსული ნავთობია. ზელენსკის განმარტებით, სწორედ ამ ნავთობის გაყიდვა შესაძლოა, კვლავ შესაძლებელი გახდეს სანქციების შესუსტების გამო.
„რუსული ნავთობიდან მიღებული თითოეული დოლარი ომისთვის განკუთვნილი ფულია,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს რესურსი პირდაპირ გარდაიქმნება უკრაინაზე ახალი თავდასხმების დაფინანსებად.
მისივე თქმით, რუსული ტანკერები უნდა შეჩერდეს, და პორტებში ნავთობის გადატანის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ.
ცნობისთვის, 18 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ზღვით გადაზიდული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე სანქციები 30 დღით მოხსნა.