ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ირიბად რამეს გთხოვთ. პირიქით, თქვენ ამას გთხოვთ სამართლიანობის პრინციპი, ანუ სამართლიანად საქმის განსჯას გთხოვთ ზოგადი სამართლიანობის პრინციპი. მე არავისთან არაფერი სათხოვარი არ მაქვს, დიდი მადლობა, - ამ სიტყვებით მიმართა მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლე თეა ლეონიძეს.
ჭიჭინაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.
მისი თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის აქციაზე იდგა იმისთვის, რომ სამართლებრივ და ღირსეულ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი გამოეხატა, დღეს კი სამართლდება სამართლის ისეთი სისტემით, რომელსაც აპროტესტებდა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ გვედავებიან განზრახ დანაშაულს. დანაშაულის რა მოგახსენოთ, ეს პროკურატურამ დაამტკიცოს, ეს დანაშაულია თუ რა არის. ფაქტია, რომ ვერაფერი ვერ დამტკიცდა, მაგრამ მე შემიძლია, ვილაპარაკო განზრახვასა და მიზეზზე, რატომ ვიყავი 28 ნოემბერს და შემდეგ დღეებშიც იქ.
განზრახვაც და მიზეზიც იყო ერთადერთი, რომ არსებობდა სურვილი და მინდოდა ამ სურვილის დაფიქსირება, რომ გვეცხოვრა სამართლებრივ და ღირსეულ სახელმწიფოში.
ერთი შეხედვით, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა შუაშია 28 ნოემბრის განცხადება ამ ყველაფერთან, რაზეც ვლაპარაკობ, თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა ის, რომ ცივილიზაციიდან მოწყვეტა და საგარეო კურსის ცვლილება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს იმ ფასეულობების დეგრადაციაზე, რა ფასეულობებიც გვინდა, რომ ჩვენს ინსტიტუციებში დამკვიდრდეს და იმედი მაქვს, ყველას გვინდა, რომ ამ შრეებში არსებობდეს, სადაც ადამიანის უფლებები, ადამიანის ძირითადი უფლებები იქნება დაცული. მე მგონი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
კონსტიტუციასა და იმ მუხლებზე აღარ ვილაპარაკებ. ალბათ, ყველამ იცის, რომ მოლაპარაკებების თუნდაც დროებით შეჩერება ვერანაირად ვერ იქნებოდა, „ყველანაირი ძალ-ღონის ხმარება“ ევროინტეგრაციისთვის. ამაზეც მგონია, ორი აზრი არ არსებობს.
მოკლედ, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, აქამდე რომ არ მივსულიყავით, ახლა სადაც ვართ, მაგიტომ ვიდექით იქ და მაგიტომ გამოვხატავდით სრულიად მშვიდობიანად ჩვენს აზრს.
ისიც მინდა ვთქვა, რომ ყველა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მხრივ კატასტროფული მდგომარეობა იყო. ამით გვანებივრებდნენ მთავრობები სხვადასხვა დროს. თუმცა, რომ გვინდოდა, აღარ განმეორებულიყო ის, რაც მანამდე ხდებოდა, ზუსტად აი ამიტომ ვიდექით.
ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რაც არ გვინდოდა, რომ მომხდარიყო, რომ აი ასეთი სამართლებრივი სისტემა ყოფილიყო ქვეყანაში. და ჩვენი საქმეც ამ ყველაფრის ნაწილი გახდა.
ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუში, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა საქმის მასალები იცოდეს, ერთი შეხედვითაც ჩანდა ეს ყველაფერი და ზუსტად აი ამიტომ დაიხურა ეს სასამართლო პროცესებიც, ზუსტად იმიტომ, რომ ერთი შეხედვითაც შეეძლო ადამიანს ტელევიზორიდან დაკვირვებით ძალიან მარტივად მიმხვდარიყო, რომ ეს რაღაც აბსურდია, ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, სადაც ყველაფერი კარგად ჩანს“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
თავის სიტყვაში ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლე თეა ლეონიძესაც მიმართა:
„მგონია, რომ ესეთი კონტექსტი შეიქმნა დღეს, რაც დღეს ნამდვილად არ მიხარია, თქვენ არ განიხილავთ მარტო ეხლა ჩვენს საქმეს. კონტექსტი შეიქმნა ისეთი და ეს კონტექსტი ჩვენ ქმედებას არ შეუქმნია, ეს კონტექსტი შექმნა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ ეს რაც დღეს ხდება, ეს ესე მომხდარიყო. თქვენ განიხილავთ გარკვეულწილად, ჩემი აზრით, იმას, თუ რა ფორმით იქნება და იარსებებს ეს ქვეყანა, რა იმიჯი ექნება და რა მომავალი ექნება. თქვენ ერთი წამით არ იფიქროთ, რომ მე ირიბად რამეს გთხოვთ, პირიქით, თქვენ ამას გთხოვთ სამართლიანობის პრინციპი, ანუ სამართლიანად საქმის განსჯას გთხოვთ ზოგადი სამართლიანობის პრინციპი და მე არავისგან არაფრის სათხოვარი არ მაქვს“, – მიმართა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლე თეა ლეონიძეს. ["პუბლიკა"]
ფოტო: პუბლიკა