„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, „სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის. ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს“-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
როგორც ინფორმაციიაშია აღნიშნული, „სტარბაქს“-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
ცნობილია, რომ „სტარბაქს“-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქს“-ის გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Saleh Alshaya, „სტარბაქს“-ის პრეზიდენტი Alshaya Group-ში:
„ვამაყობთ, რომ „სტარბაქსს“ წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს „სტარბაქს“-ის მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში.“
Duncan Moir, „სტარბაქს“-ის პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში:
„მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების შემდეგ, Alshaya Group-თან პარტნიორობით, ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი უნიკალური ყავის გამოცდილება შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს საქართველოში. ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მზარდ ყავის კულტურაში, შევქმნათ ახალი კავშირები და განვახორციელოთ ინვესტიცია იმ საზოგადოებებში, რომელთაც ვემსახურებით.“
მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი:
„რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქს“-ის ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი - საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას.“
ცნობისთვის, Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს“-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქს“-ის 2,000 მაღაზიაა.
თავად, „სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს