ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკვეთრად გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV, დაგმო მისი პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ ის „საგარეო პოლიტიკის საკითხებში სრულიად არაკომპეტენტურია“.
ამის შესახებ CNN იუწყება.
„ჩვენ არ მოგვწონს პაპი, რომელიც ამბობს, რომ ბირთვული იარაღის ფლობა ნორმალურია… ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არ ღირს თამაში ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ცდილობს ბირთვული იარაღის მიღებას, რათა მსოფლიო გაანადგუროს… მე არ ვარ პაპ ლეოს მხარდამჭერი“, - განაცხადა ტრამპმა..
ტრამპის განცხადება, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა ენდრიუს ავიაბაზაზე, გავრცელდა მალევე მას შემდეგ, რაც მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში პაპის კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.
„პაპი ლეო სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში და საშინელია საგარეო პოლიტიკაში“, - დაწერა ტრამპმა. მან ასევე დაამატა, რომ არ სურს პაპი, რომელიც ნორმალურად მიიჩნევს, რომ ირანს შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ან რომელიც „საშინლად“ აფასებს იმას, რომ ამერიკამ ვენესუელას დაარტყა.
„და მე არ მინდა პაპი, რომელიც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს“, - დაამატა მან.
როგორც გამოცემა Politico წერს, რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ „ყოვლისშემძლეობის ილუზია“ ამოძრავებს და პოლიტიკურ ლიდერებს დაუყოვნებლივ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„საკმარისია საკუთარი თავისა და ფულის კერპად ქცევა! საკმარისია ძალის დემონსტრირება! საკმარისია ომი!" - განაცხადა პაპმა.