მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას ტრამპის სახელი და გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად ერთადერთი მასშტაბური იდეაა, რომელიც შეერთებული შტატების და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია - ამ პროექტისადმი შტატების ინტერესი არ შენელებულა.
სწორედ ანაკლიის პორტს შეუძლია ითამაშოს გარდამტეხი როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისათვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს - როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი.
სწორედ ამიტომ საჭიროა ანაკლიის პროექტის რეალური განხორციელება და არა იმიტირებული პროცესი. ანაკლია არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის საქართველოს ეროვნული, გეოპოლიტიკური არჩევანი და ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა!
არსებობს ქვეყნის ინტერესები, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას - ანაკლია სწორედ ასეთი ინტერესია საქართველოსთვის!
“ანაკლიის პროექტის” განსახორციელებლად დღეს სახელმწიფო შემდეგ პოლიტიკურ გარანტიებს უნდა იძლეოდეს და საჯარო, მკაფიო ვალდებულებებს გასცემდეს:
“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს - #1 ეროვნულ პრიორიტეტად
პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს.
ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად .
პროექტში არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან
ანაკლიის პროექტი და ყველა დაკავშირებული ხელშეკრულება, უნდა იყოს საჯარო, რათა, არ დავუშვათ რაც მოხდა არაბული ყალბი ინვესტიციის შემთხვევაში.
სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ, ამიერკავკასიაში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა “ტრამპის გზა”. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს, ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებით, რაც იქნება “ტრამპის გზის” ლოგიკური გაგრძელება. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის, ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უზრუნველყოს ყველა ამ პირობის შესრულება!
სწორედ “ძლიერ საქართველო-ლელოს” აქვს კონკრეტული გეგმა და გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის სწრაფად აშენებას და მასთან ერთად „ანაკლია სითის“ განვითარებას, რომელიც შექმნის ათეულ ათას სამუშაო ადგილს საქართველოსთვის.
ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და არ უნდა მივცეთ ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს კიდევ ერთხელ ჩააგდონ ეს დიდი იდეა!
“ძლიერი საქართველო - ლელო” იყო, არის და იქნება ანაკლიის, პროექტის მთავარი მხარდამჭერი! ანაკლია სჭირდება ქვეყანას, ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს! ანაკლია აუცილებლად აშენდება!“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.