თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაშოშმინება მანდატურებსა და ადვოკატებს მოუხდათ.
პუტინთან იყავი თუ არა რუსეთში შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ნოღაიდელს.
„ამ მოღალატესთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ეს არის რუსეთის, პუტინის მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასაჩუმებლად. აქ მიდგას რუსი, ჩვენებას აძლევს ჩემ წინააღმდეგ, ივანიშვილი რუსი მასამართლებს“, – განაცხადა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელთან ცხარე კამათის შემდეგ და პროცესი დატოვა.
პროცესზე ნოღაიდელმა ჩვენებაში თქვა, რომ 7 ნოემბერს საჯარისო ნაწილები იყვნენ მობილიზებული და ეს სააკაშვილის გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდებოდა.
„დღესავით ნათელია, რომ ესაა თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალი. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში წესრიგის აღსადგენად იყო, თითი არ გაუნძრევია ჯარს, ეს მტრისათვის საჩვენებლად იყო, რომ საქართველოს ჰყავს ჯარი და თავის დაცვა შეუძლია“, – განაცხადა სააკაშვილმა ნოღაიდელის საპასუხოდ.
ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა ნოღაიდელს ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.
„ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“ - ჰკითხა მას კვლავ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ არ იცოდა.
ასევე სააკაშვილის კითხვაზე, იცოდი თუ არა, რომ პატარკაციშვილს „ფეესბესთან“ ჰქონდა კავშირი, ნოღაიდელმა განაცხადა: რატომ იყო თბილისში, „ფეესბეს“ აგენტი თუ იყო?, „ფეესბეს“ პოლკოვნიკი თუ იყო, რატომ არ დაიჭირეთ?“
მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. მათ შორის ნოღაიდელმა მიხეილ სააკაშვილ რამდენჯერმე მიმართა სიტყვებით: „დაეგდე მანდ“. [პირველი არხი]