უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის გუნდს შეუძლიათ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინონ ტერიტორიული დათმობებთან დაკავშირებით და ომის დასრულების მიზნით ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვონ. ამის შესახებ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაიამიში უკრაინის დელეგაციასა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის გამართულმა ბოლო მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკის ადმინისტრაცია განაახლებს ზეწოლას უკრაინაზე, რათა აიძულოს იგი ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ომის დასრულება სურთ. ჩემი შეშფოთება ის არის, რომ ისინი ამისთვის მხოლოდ ერთ გზას ხედავენ. ისინი პუტინის შესაჩერებლად სხვა გზას ვერ ხედავენ, გარდა ჩვენი ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანისა. მაგრამ რატომ უნდა გადავიხადოთ ამისთვის? ჩვენ აგრესორები არ ვართ. რაც მაშფოთებს არის ის, რომ არავინ აფასებს რეალურად იმ საფრთხეს, რომელიც ამ გადაწყვეტილებამ შეუქმნა ჩვენს უსაფრთხოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სრულად უჭერს მხარს ირანს. მისი განცხადებით, მოსკოვი თეირანს აშშ-ის სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის და დრონების გამოყენების გამოცდილებას უზიარებს.