პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, იშაკ დარის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ პაკისტანის დროშის ქვეშ 20 მცურავი გემი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილდეს.
გარდა ამისა, დარის ცნობით, პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავ ორ გემს ადრე ჰორმუზის სრუტეში გადასვლის უფლება ჰქონდა.
მინსიტრის თქმით, ეს ირანის მხრიდან პოზიტიური და კონსტრუქციული ჟესტია, რომელიც დაფასებას იმსახურებს.
„ეს ირანის მხრიდან მისასალმებელი, კონსტრუქციული ჟესტია და დაფასებას იმსახურებს. ეს მშვიდობის მაუწყებელია, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს და მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებს. დიალოგი, დიპლომატია და მსგავსი ნდობის გამაძლიერებელი ზომები არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის“, – წერს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამასთან, CNN იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დაადასტურა, რომ პაკისტანი შუამავლობას უწევს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანი ცდილობს შუამავლობის როლი შეასრულოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დასრულების მოლაპარაკებებში.
22 მარტს ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია რჩება ყველა სახის საზღვაო გადაზიდვისთვის, გარდა იმ გემებისა, რომლებიც „ირანის მტრებთან“ არიან დაკავშირებული.
21 მარტს ტრამპი ირანის ელექტროსადგურებზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათის განმავლობაში არ გახსნიდა.
ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რეგიონის ენერგეტიკული და „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდება, თუ ქვეყნის ენეროობიექტებზე თავდასხმა განხორციელდება.