უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები დონბასიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ.
„აისბერგის უმეტესი ნაწილი უხილავია, მაგრამ დამიჯერეთ, მე უფრო მცირე ნაწილი ვაჩვენე. სრულიად გულწრფელი ვარ... შეიძლება ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გქონდეთ, მაგრამ ყველა სიგნალი, რომელიც მოლაპარაკების პროცესში გაისმა, მიუთითებს იმაზე, რომ - და ეს მხოლოდ ჩემი ანალიზი არ არის, აბსოლუტურად სწორად ჟღერს - ჩვენ შევძლებთ შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას არა ცეცხლის შეწყვეტამდე, არა ომის დასრულებამდე, არამედ ჩვენი ჯარების დონბასიდან გასვლის შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას სურს ხელი მოაწეროს უსაფრთხოების გარანტიებს ომის დასრულებამდე, ასევე რეკონსტრუქციის პაკეტს. ეს გარანტიები ძალაში შევა აშშ-ის კონგრესის მიერ კენჭისყრის შემდეგ, რომელიც კენჭს ომის დასრულების შემდეგ უყრის.
„მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვითხრეს, რომ საკითხი არ არის, თუ როდის შევა ეს ძალაში, არამედ ის, თუ როდის მოგვცემენ ამ გარანტიებს.
„გარანტიები ზუსტად დონბასის დატოვების შემდეგ გვეძლევა. და ეს არის ომის დღესვე დასრულების პირობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის მიერ აგრესიის განახლების რისკები საკმაოდ მაღალია, ამიტომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
ამავდროულად, ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, თითქოს, უკრაინაზე ზეწოლას ახდენს.
„შეიძლება, ისე აღიქმებოდა, თითქოს ამერიკელები ზეწოლას ახდენდნენ, რომ ჩვენ გავიდეთ დონბასიდან და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემენ გარანტიას. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ისინი ჩვენზე ზეწოლას ახდენენ. ეს არასდროს მითქვამს არც საჯაროდ და არც სხვაგვარად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ კიევს უსაფრთხოების გარანტიებს იმ პირობით სთავაზობს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები გავა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების იმ ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთს ჯერ ოკუპირებული არ აქვს. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აირჩია ზეწოლის სტრატეგია არა რუსეთზე, არამედ უკრაინაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება. როგორც რუბიომ განმარტა, ზელენსკის სრულიად განსხვავებული რამ უთხრეს. მისი თქმით, აშშ-მა ზელენსკის უთხრა „ცხადია“, რომ უსაფრთხოების გარანტიები ვერ განხორციელდებოდა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე.
„რა არის უსაფრთხოების გარანტიები? ეს არის ჯარი, რომელიც მზად არის ჩაერიოს და უზრუნველყონ უსაფრთხოება.
თუ ახლა შეხვალ, ეს ნიშნავს, რომ ომში ერთვები. მას ძალიან ნათლად უთხრეს და მასაც უნდა გაეგო, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ მან ტერიტორიები უნდა დათმოს“, - თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებულმა შტატებმა, სავარაუდოდ, უბრალოდ გადასცა რუსეთის მოთხოვნები უკრაინელებს, მაგრამ არ დაუჭირა მხარი კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობების საკითხს.
„ჩვენ უკრაინულ მხარეს ვუთხარით, თუ რას მოითხოვენ რუსები. ჩვენ ამას არ ვუჭერთ მხარს... „არჩევანი მათზეა. ჩვენი საქმე არ არის მათ მაგივრად გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათთვის, რომ უნდა დათანხმებოდნენ ან უარი ეთქვათ“, - თქვა მან.