16 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანსა და პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ცნობილია, რომ 16 თებერვალს მხარეები, საქართველო და სომხეთი, საბაჟო-გამშვები პუნქტის ერთობლივ მართვაზე ხელშეკრულებას გააფორმებენ.
ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები რამდენიმე საბაჟო-გამშვებ პუნქტს ერთობლივად გააკონტროლებენ. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ კი მხარეები "ბაგრატაშენ-სადახლოს", "აირუმ-სადახლოს", "გოგავან-გეგუთის", "ბავრა-ნინოწმინდის" ერთობლივ კონტროლს განახორციელებენ.
როგორც 10 თებერვალს მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს სომხეთს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა.