უკრაინული მხარე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობზე ირანის თავდასხმის შესახებ.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ყალბი ინფორმაციაა“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის პრესმდივანმა დიანა დავითიანმა.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას უარყო ინფორმაცია დუბაიში მდებარე საწყობზე, სადაც 21 უკრაინელი იმყოფებოდა, სავარაუდო თავდასხმის შესახებ.
„ეს ტყუილია და ჩვენ ოფიციალურად უარვყოფთ ამ ინფორმაციას. ირანის რეჟიმი ხშირად ატარებს ასეთ დეზინფორმაციულ ოპერაციებს და ამ მხრივ ის არაფრით განსხვავდება რუსეთისგან“, - განაცხადა მან.
მანამდე, ირანის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობი დაბომბეს..
„მას შემდეგ, რაც დუბაიში ამერიკელი მეთაურებისა და ჯარისკაცების სამალავი დაიბომბა, დუბაიში მდებარე უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საწყობი დაიბომბა და განადგურდა“, – ნათქვამია ირანის სამხედრო ცენტრალური ოპერატიული სარდლობის, „ხატამ ალ-ანბიას“ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა.