იმის ფონზე, რაც საქართველომ გააკეთა ნატო-სთვის, ადეკვატურ პასუხებს ვერ ვხედავთ, ბურთი ნატო-ს ტერიტორიაზეა და ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ საკუთარი ალიანსისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნატო-ს ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომელშიც საუბარი საქართველოსაც შეეხება.
„ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით ყველაზე ძლიერად არის უკრაინა, რომელიც დღეს ნატო-ს ქვეყნებს იცავს, ისე რომ მათთან ბუზი ვერ შეფრინდება იმის გამო, რომ უკრაინა ღვრის სისხლს. ამ ინტეგრაციის დონეს როგორ პასუხობს ნატო და რამდენად მზად არის, რომ თავისი სიტყვა შეასრულოს და მიიღოს უკრაინა ნატო-ში, მე მგონი, ამას ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომ, მოდი, ნატო-მ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს, იმაზე იფიქროს, 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და უკრაინა - ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი არ ხდებოდა. ვნახეთ კიდევაც ხომ, ამ თანამშრომლობის ფასი რა იყო, არც ერთი ნატოელი ჯარისკაცი უკრაინაში დღეს არ იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ევროპული ნაწილი სწორედ ამას ამბობს, რომ უკრაინა იცავს მათ და ის არის წინა ხაზი. ეს არის ამ თანამშრომლობის შედეგი. რაც თვითონ სჭირდებათ არაფერს არ იკლებენ, რაც ზედმეტი აქვთ იმას აძლევენ, შეიძლება. დღეს, არათუ ინტეგრაცია და სამოქმედო გეგმები აქვს უკრაინას, ომობს სურვილის გამო, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში და შედეგი რაც არის, ამასაც ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომ, პრობლემა არის ნატო-ში და არა სხვებში.
პრობლემა არის ნატო-ში და არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ამერიკასთან დაკავშირებითაც. თქვენ ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაც აშშ-მა გააკეთა ნატო-სთვის, ნატო არაფერს არ აკეთებს აშშ-ისთვის. ასევე, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ - იმის ფონზე, რაც საქართველომ გააკეთა ნატო-სთვის სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით, თვითონ რომ არ მიდიოდნენ, ესტონეთები, ლატვიები და ლიეტუვები 50-50 კაცით რომ იყვნენ ავღანეთში და ჩვენ ვიყავით 1500-ით, ამის სანაცვლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს. ასე რომ, ბურთი არის მთლიანად, სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე და თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ საკუთარი ალიანსისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა იქნას აღიარებული. მარკ რუტემ საქართველოს მოუწოდა პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.