4 ოქტომბერს ჩვენ გადავრჩით 90-იან წლებში დაბრუნებას და ბატონ სახალხო დამცველსაც, დარწმუნებული ვარ, თავის ასაკიდან გამომდინარე ახსოვს, რაც იყო 90-იანი წლები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებაზე, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას. პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის განცხადება ძალიან იმედგამაცრუებელია.
„ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება. პაატა მანჯგალაძე, ისევე როგორც სხვა ორგანიზატორები, თავისუფლების მოედანზე, სცენაზე იდგნენ და განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება. პაატა მანჯგალაძემ პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციას, თუ სხვა ძალოვან უწყებებს. ეს დაავალა პირდაპირ. გასაგებია, რომ ასეთ კლოუნებს არავინ არ დაუჯერებს, მაგრამ შვიდი ათასი კაცი ჰყავდათ იქ შეკრებილი. პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა პრევენციულადაც იმოქმედეს, სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო სათანადო მოწოდებაზე, ნახეთ, რომ ხელჩართული ბრძოლა მოუწიათ ბიჭებს, რომლებიც იცავდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას, რათა არ დამდგარიყო ნეპალი. ამ ადამიანებიდან თითოეული აანონსებდა სისხლის ღვრას საქართველოში და ამას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა. ასე რომ, ჩვენ გადავრჩით 90-იან წლებში დაბრუნებას და ბატონ სახალხო დამცველსაც, დარწმუნებული ვარ, თავის ასაკიდან გამომდინარე ახსოვს, რაც იყო 90-იანი წლები. აქ რაიმე აფთიაქური საზომით იმის ნახვა, რომ ვიღაც სცენის კუთხეში იდგა თუ ცენტრში იდგა, იქ იდგა. აბა ერთი, წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი, ვნახავდით, პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ან რომელიმე სხვა სავარძელში, გემრიელად და კომფორტულად შეირგებდნენ თუ არა იმ თანამდებობებს და ექნებოდათ თუ არა განაწილება. ასეთ ნაბიჯზე როდესაც მიდიხარ, უნდა შეეგუო მათ შორის პასუხისმგებლობას. სისხლის ღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლის ღვრისთვის, წაიყვანეს სისხლის ღვრაზე, მათ შორის მხარდაჭერა მიიღეს სისხლის ღვრაზე ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი. ყველანი ვხედავდით სცენაზე გამოჭიმულ ხალხს, რომლებიც გასაღების ჩაბარებაზე საუბრობდნენ. ლინგვისტები მოვიყვანოთ ახლა, რომ განვმარტოთ გასაღების ჩაბარება რას ნიშნავს? ექსკურსიაზე მიდიოდნენ პრეზიდენტის სასახლეში? “, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს პაატა მანჯგალაძემ და სხვა ორგანიზატორებმა ხალხი მიიყვანეს ნეპალის მოსაწყობად.
„7 000 ადამიანი შეკრიბეს ნეპალის მოსაწყობად. ჯერ იმ შვიდი ათას ადამიანს რა ვუთხარი, იქ რომ მოვიდა, რათა საქართველოში სისხლი დაეღვარა. ჩვენ გვყავს 7 ათასი ადამიანი: ექიმი, ვექილი, ინჟინერი, სტუდენტი, პროფესორი, რომელიც იქ მივიდა, რათა სისხლი დაეღვარა. ეს გააკეთა ამ ხალხმა. დაანონსებული იყო ნეპალი და მივიდნენ ნეპალის მოსაწყობად. მიიყვანეს ეს ხალხი იქ პაატა მანჯგალაძემ და მსგავსმა ორგანიზატორებმა, შემდეგ მოუწოდეს, რომ შევიკრიბეთ და დავიწყოთ ამ სქემის აღსრულება, წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. თვითონვე ჩამოვიდნენ და გაჰყვნენ ამ ხალხს პრეზიდენტის სასახლისკენ და მოხდა კიდეც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა. ასე რომ, ზოგიერთებს თუ შნო არ ჰქონდათ პასუხისმგებლობის აღებისა, მაშინ ამ ნაბიჯზე არ უნდა წასულიყვნენ. ამ ნაბიჯზე თუ წავიდნენ, მაშინ კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობაც მიიღონ. ზრდასრული ადამიანები არიან. ყველამ იცის, რას ნიშნავს ნეპალი და რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ამაზე გაგვწირეს, მოითხოვეს იქ ხალხის დაპატიმრება, დასჯა, დახვრეტა. ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რომ არ გამოუვიდათ, ახლა წუწუნებენ. სალომე ზურაბიშვილი გვერდზე რომ იდგა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩაიშალა სისხლიანი გადატრიალება, ისიც გაიპარა და სხვათა შორის, მანჯგალაძეც გაიპარა და სახლში ისხდნენ. მანჯგალაძემ ჯერ ხალხი გაწირა ამ ყველაფრისთვის, წავიდა და სახლში იმალებოდა. ვნახეთ, რომ მურთაზ ზოდელავა ეულად აიყვანა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან. წარმატებული რომ ყოფილიყო, ვნახავდით, სალომე ზურაბიშვილი თუ არ შევიდოდა თავის შტანდარტიანად იმ შენობაში, თუ არ ჩასხდებოდნენ შესაბამის სახელისუფლებო სავარძლებში და იცით რა ვნახავდით კიდევ, თუ არ ვნახავდით ზოგიერთ უცხოელს, რომელიც მერე მათთან ერთად მივიდოდა და დაიწყებდა ამ ყველაფრის ლეგიტიმაციის მცდელობას.
4 ოქტომბერს ევროკავშირის მხარდაჭერით აწყობდნენ აქ ხელისუფლების დამხობას, არ გამოუვიდათ და იმიტომ არიან გატრუნულები. ვინმესგან ხმა გაგიგიათ, ევროკავშირის ელჩისგან, ან რომელიმე ელჩისგან ამ ძალადობის დაგმობაზე ერთი სიტყვა? – არა, რადგან ძალიან კარგად იციან, რაც დააშავეს ქართველი ხალხის წინაშე. ძალიან კარგად იციან, რომ ლამის სისხლის ღვრაში შეიყვანეს ეს ქვეყანა. ასე რომ, არაფრის მიმართ თვალის დახუჭვა არ იქნება.
გასაგებია, რომ პაატა მანჯგალაძე არ მომვარდა და არ მახრჩობდა პირდაპირ, მაგრამ მოუწოდა, რომ დავეპატიმრებინე. სასამართლო ამისთვის იმართება და რაში მიუძღვის ბრალი, ამას დაადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელმაც არაერთხელ დაადგინა თავისი სამართლიანობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.